საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილობრივი მონაწილეობით 6423 კომპანია დარეგისტრირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ უწყებიდან აცნობეს, რეგისტრირებული კომპანიების პირველი ათეული შემდეგი ქვეყნებისგან შედგება: აზერბაიჯანი; აშშ; ბელარუსი; გერმანია; თურქეთი; ინდოეთი; ირანი (ისლამური რესპუბლიკა); ისრაელი; რუსეთის ფედერაცია და უკრაინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მეწარმეს უფლება აქვს, მოგების მიღების მიზნით, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა.
„ინფორმაცია მოძიებულია ისეთი სამართლებრივი ფორმის სუბიექტებში, სადაც აღირიცხება/ რეგისტრირდება წილზე საკუთრების უფლება; ესენია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
აღნიშნული მონაცემები დამუშავებულია სააგენტოს ელექტრონული და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
სააგენტო კერძო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრაციას აწარმოებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. საკანონმდებლო რეგულაციით, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის მიზნებისთვის მეწარმის საქმიანობის საგანი ან/და საქმიანობის მიზანი არ წარმოადგენს სარეგისტრაციო მონაცემს. სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებას უფლება აქვს, მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული; ხოლო ის საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობით შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან.
აღსანიშნავია, რომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად (24/06/2016 წ. No N5567-II ს კანონი), 2016 წლის 2 სექტემბრიდან სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი არეგისტრირებს საქმიანობას სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. კლასიფიკატორი შეიცავს საქმიანობის სხვადასხვა ტიპს, რომელთა ნაწილის რეგისტრაცია სავალდებულოა, ხოლო ნაწილის - ნებაყოფლობითი“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.