საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიდე გადასასვლელი ეწყობა, რის გამოც, 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება „თბილისი მოლიდან“ დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით შეძლებენ.
„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ - აღნიშნავენ მერიაში.