უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. დღესვე პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ ნინო გვენატაძეს მოუსმენენ.
კუბლაშვილი სასამართლო ხელისუფლებას 2005 წლის 23 თებერვლიდან ხელმძღვანელობს. შესაბამისად, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა მას დღეს ეწურება. პრეზიდენტმა კუბლაშვილის შემცვლელის კანდიდატურად პარლამენტს ნინო გვენეტაძე შესთავაზა, რომელიც 1999-2006 წლებში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე იყო. გვენატაძე იმ მოსამართლეთა შორის იყო, რომელსაც პარლამენტმა დისციპლინარული გადაცდომების მოტივით უზენაესი სასამართლოს წევრობა შეუწყვიტა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ.
პარლამენტი ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესში ვადებით შეზღუდული არ არის. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.
ამასთან, 25 თებერვალს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს – ნათია წკეპლაძეს და თეიმურაზ თოდრიას. მათი შემცვლელები პრეზიდენტს ჯერ არ დაუსახელებია.