არაფერი დაგვიკლია - რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება იყოს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ინციდენტის დროს გათვლა ყველაზე უარეს შემთხვევაზე ხდება.
„ჩვენ აბსოლუტურად ყოველთვის, ნებისმიერ ინციდენტზე გათვლა გვაქვს ყველაზე უარესზე. რაც შეეხება უფრო სწრაფად ჩართვას და იმას, დავაკელით თუ არა რამე, ალბათ ძალიან სუბიექტურად ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ არაფერი დაგვიკლია, მაგრამ ამ ყველაფრის ქრონოლოგიურად ახსნა შემიძლია: სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული, ერთი ქუთაისიდან, ორი თბილისიდან, რომლებიც დაუყოვნებლივ იყვნენ მზად გამოსაფრენად. ქუთაისიდან მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ვერ აფრინდა ვერტმფრენი, პარალელურად, თბილისიდან ჩამოსვლა მოვასწარით. პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, დაახლოებით 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაშია აუცილებელი. არაფერი დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება იყოს“,- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
გარდა ამისა, კითხვაზე, რომ ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართული ვერტმფრენები სამაშველო არაა და საუბარია იმაზე, რომ საქართველოს დახმარება ამ მიმართულებით ეთხოვა, მღებრიშვილი ამბობს, რომ „პირველი შემთხვევა არაა იმ ვერტმფრენების გამოყენებისა, რომლებიც პროცესში არიან ჩართულები“.
„ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერტმფრენი რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო, ამის აუცილებლობა არ იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. მაგრამ, რატომ არ გავრისკეთ - მობილიზებული გვქონდა სითბური დრონები, რომელიც აფიქსირებდა დატბორილ არეალს. ურთულესი რელიეფია, პარალელურად იყო მაღალი ძაბვის სადენები, ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არცერთი, თუნდაც მცირედი შანსი რომელიც არ გამოვიყენეთ. სითბური დრონების საშუალებით აღმოვაჩინეთ ლოკაციები, სადაც ადამიანები იყვნენ გახიზნულები. იმის შემდეგ რაც დაფიქსირდა, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არ დაგვმატებია დაღუპული და დაშავებულიც არ გვყოლია არავინ“,- განაცხადა მღებრიშვილმა.