მოსკოვის ოლქში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. 20 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი კიდევ იყოს. ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. აფეთქების ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დაზიანდა მიმდებარედ 20 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სკოლები. რუსეთის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფეთქება შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად ყოფილიყო გამოწვეული. ძლიერი აფეთქება მოსკოვის ოლქში დღეს მოხდა.