ზაფხულის პაუზის შემდეგ ქუთაისის ტორპედომ ეროვნული ლიგა გამარჯვებით განაახლა. სტივ კინის გუნდმა სტუმრად საბურთალოს დამაჯერებლად 3:1 აჯობა.
მატჩი თბილისელთათვის კარგად დაიწყო. 32-ე წუთზე შეიკნე სილას გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ქუთაისელებმა ბევრად უკეთ ითამაშეს, რამაც შედეგიც გამოიღო. მაურო კაბალიერომ ჯერ პენალტით გაათანაბრა, ხოლო სულ მალე გიორგი ჯგერენაიას ავტოგოლით წინ იმერლები გავიდნენ.
საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე ფრანსუა ეკონგოლომ დააფიქსირა.
ტორპედოსთვის ეს ზედიზედ მეორე მოგება იყო საქართველოს ჩემპიონატში, შედეგად 27 ქულა დააგროვა და ისევ მე-6 ადგილზეა, ხოლო საბურთალო ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 38 ქულით მეორე საფეხურზე რჩება. მომდევნო ტურში ომარ თეთრაძის გუნდი 15 აგვისტოს, შუქურას უმასპინძლებს, ხოლო ტორპედო 14 აგვისტოს, სამტრედიას ესტუმრება.