რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებული იყო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ოპერაცია, რომელიც შეთანხმებული იყო პუტინთან იმ გენერლების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ არც ისე კარგად იყვნენ განწყობილები. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი გენერალია გადაყენებული, ზოგიერთი მათგანი კი გისოსებს მიღმაა. ეს იყო ასეთი სპეცოპერაცია“, - განმარტა დანილოვმა.
მისი თქმით, რუსეთში უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდება და ეს შეიძლება მოხდეს ამ შემოდგომაზე ან ზამთარში. „იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ხვდება, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, ყოველდღე იზრდება“, - აღნიშნა დანილოვმა.