შოვში, სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველები სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე სპეცტექნიკის დახმარებით, სპეციალური განათებების საშუალებით მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. 16 მოქალაქეს ეძებენ.