ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
„დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში სრულად იყო ჩართული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის საშუალებით. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ ლტოლვილთა და დევნილთა უფლების მნიშვნელობას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობამ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას. 2024 წლის დეკემბრამდე კვლავ განახლებული მანდატით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალურ ცხოვრებას უწყობს ხელს.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგულებას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია განცხადებაში.