ნიგერის სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს და მიზეზად სამხედრო ინტერვენციის საფრთხე დაასახელეს. დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ნიგერში, კვირას 23 საათამდე პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმის მმართველობა არ აღდგებოდა, შესაძლოა ძალა გამოეყენებინათ. აღნიშნულის საპასუხოდ, ნიგერის ხუნტას პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ნიგერის შეიარაღებული ძალები მზად არიან ქვეყანა დაიცვან. ნიგერში რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ბაზუმის ხელისუფლება დაამხეს და ქვეყნის ახალ ლიდერად თავი პრეზიდენტის გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანმა გამოაცხადა. სამხედრო გადატრიალება საერთაშორისო დონეზე დაგმეს.