საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რის გამოც მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კოტეჯების ადგილზე ფრაგმენტებია დარჩენილი და იმ ადგილებამდე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან.
თემურ მღებრიშვილის განმარტებით, ახლა ტექნიკა შეჰყავთ, რომ გზა გაიჭრას.
„სამწუხაროდ, ამ დროისთვის 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მოგეხსენებათ, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. შესულია ეტაპობრივად ტექნიკა. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა სამუშაოებს მეტი ყურადღება მიაქციონ და ცხედარი აღმოჩენის შემთხვევაში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს მოგვიანებით მოგახსენებთ. დილის 06:30 საათიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების ეპიცენტრიდან გამოყვანა, რომელიც გუშინ უსაფრთხო ადგილებში მობილიზებული გვყავდა. დღეს 140 ადამიანი გამოვიყვანეთ. ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ“,-განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.