შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი უკვე განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხვადასხვა ადგილას მოსახლეობასთან მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე მაშველები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. შსს-ს ცნობით, 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომელთაც ხვალ დილიდან ვერტმფრენების საშუალებით სტიქიის ზონიდან გამოყვანენ. გარდა ამისა, ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიის ზონაში მყოფი 50 ადამიანის შესახებ აქვთ ინფორმაცია, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება.