ჯონ რობერტ კოკერი 1944 წლის 20 მაისს დაიბადა შეფილდში. მომავალი მუსიკოსი, რომელსაც სიღარიბემ ადრეულ ასაკშივე აიძულა სამუშაოს მოძიება ჯერ სუპერმარკეტის ვიტრინებს წმენდდა, მერე შემდუღებლად მუშაობდა, თავისუფალი დროის კი, დამოუკიდებლად ცდილობდა დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, რომლის შესაძენად ფულს რამდენიმე წელი აგროვებდა.
მოყვარულმა კოლექტივებმა, რომელთა შემადგენლობაში კოკერი კარიერის დასაწყისში მუზიცირებდა, ერთმანეთის მიყოლებით განიცადეს მარცხი, რამაც ჯოსაც გული აუცრუა და დროებით მუსიკაზე უარის თქმა აიძულა, თუმცა საბოლოოდ მაინც საყვარელ გატაცებას დაუბრუნდა, რადგან ოცნება მუსიკოსობასა და მსოფლიო აღიარებაზე ყველა იმედგაცრუებაზე ძლიერი აღმოჩნდა.
უნიკალური ხრინწიანი ბარიტონი, რომელიც კოკერის სავიზიტო ბარათად იქცა, მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელის ჭარბად მოხმარების წყალობით. ალკოჰოლზე დამოკიდებულების მავნე ჩვევა კოკერს კარიერის დასაწყისში განუვითარდა, რაც მოგვიანებით ნარკოტიკებმა დაამძიმა, რადგან ახალბედა მუსიკოსმა ვერც საკუთარი პოტენციალის გამოვლენა შეძლო, ვერც პუბლიკის დაინტერესება.
სხვათა შორის, ვოკალისტობა კოკერს, რომელიც თავისივე შექმნილ ჯგუფში Grease Band-ში მეტწილად დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა, პროდიუსერმა დენი კორდელმა ურჩია, რომელიც შეფილდის ერთ-ერთ პაბში დაესწრო ჯგუფის გამოსვლას და შემთხვევით მოისმინა კოკერის ნამღერი, რომელიც ჯგუფის წევრებისთვის კულისებში მართავდა რეპეტიციას. კორდელის შეთავაზებით ჯომ სინგლი Majorine ჩაწერა და ლონდონში გადაბარგდა, სადაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სწორედ მუსიკოსობა იყო მისი მოწოდება.
კოკერმა, რომელმაც ‘’რემიქსების ოსტატის“ სახელი შეიძინა, სწორედ კოლეგების კომპოზიციების გადაკეთებითა და საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებით დაიწყო კარიერა. მეტიც, აღიარება დამწყებ მუსიკოსს Beatles-ის სიმღერის With A Little Help From My Friends-ის ქავერ-ვერსიამ მოუტანა, რომელიც იმდენად უჩვეულო აღმოჩნდა, რომ პოლ მაკარტნიც კი გააკვირვა.
აღსანიშნავია, რომ კოკერი პრაქტიკულად ერთადერთი მუსიკოსია, ვინც არა მხოლოდ აღიარება მოიპოვა ქავერ-ვერსიებით, არამედ სამი ათწლეულის მანძილზეც შეინარჩუნა პოპულარობა. მუსიკოსის შემოქმედებამ ისეთი ვარსკვლავების ნამუშევრები გააერთიანა, როგორიც ბობ დილანი, რეი ჩარლზი, ბრაიან ადამსი და ბონოა. ამასთანავე, კოკერის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა არა უბრალოდ განსხვავებული ჟღერადობა შეიძინეს, არამედ ორიგინალსაც აჯობეს.
რა თქმა უნდა, კოკერს არასდროს უცდია სტრიპტიზის მოწყობა, თუმცა კომპოზიციის You Can Leave Your Hat On წყალობით მაინც მოიპოვა ‘’გულახდილი ცეკვების მეფის’’ ტიტული. აღსანიშნავია, რომ ჰიტად სიმღერა, რომელიც მანამდე ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა, ფილმმა‘’ცხრანახევარი კვირა’’ აქცია, როცა სწორედ მის ფონზე შეასრულა კიმ ბესინჯერმა ეროტიკული ცეკვა და კოკერის სიმღერასთან მოიპოვა ლიდერის პოზიცია მსოფლიო კინოს ეროტიკული სცენების რეიტინგში.
კოკერიმა, რომელიც მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა პრესტიჟული პრემიებით, მათ შორის ბრიტანეთის იმპერიის ორდენით, 1982 წელს ‘’ოსკარიც’’ მიითვალა საკუთარ ანგარიშზე სიმღერისთვის Up Where We Belong, რომელიც ტეილორ ჰეკფორდის ფილმში ‘’ოფიცერი და ჯენტლმენი’’ გაჟღერდა.
ვარსკვლავების უმეტესობის მსგავსად კოკერსაც ჰქონდა თავისი სისუსტე. მუსიკოსი აეროფობიით იტანჯებოდა და თვითმფრინავით ფრენის ეშინოდა, ამიტომ ყოველთვის უფრთხოდა მოგზაურობას და შორეულ გასტროლებს. მართალია, ამბობდნენ, თითქოს ფობია მუსიკოსს 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგ განუვითარდა, მაგრამ თავად კოკერის განცხადებით ფრენის შიში ბავშვობაში დასჩემდა, როცა მცირეგაბარიტულმა თვითმფრინავმა, რომლითაც მეგობრებთან ერთად მგზავრობდა, კატასტროფა განიცადა, რამდენიმე მგზავრი იმსხვერპლა, დანარჩენი კი, სერიოზულად აზარალა.
სიღარიბეში გაზრდილი მუსიკოსი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა მომჭირნედ ცხოვრების ყველა სირთულე, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქველმოქმედებას. კოკერი ჯერ დაბალი სოციალური ფენის ნაკლებად შეძლებულ ოჯახებს ეხმარებოდა, მერე საკუთარი საქველმოქმედო ფონდი Cocker Kids’ დააარსა, რომელიც ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან მატერიალურთან ერთად ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევდა.
ამასთანავე, გარემოსა და ცხოველის დამცველი მუსიკოსი, რომელიც მოსახლეობასაც იმავეს მოუწოდებდა, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა აქციასა და კამპანიაში, კონფერენციებზე კი, ღიად აპროტესტებდა ინდუსტრიული განვითარებით გამართლებულ გარემოს დაბინძურებას და მაწანწალა ძაღლების მასიურ განადგურებას.
ფინანსური სტაბილურობის მოპოვების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსმა რომელსაც ბიზნესის წარმოების არაჩვეულებრივი ალღო აღმოაჩნდა, რამდენიმე წარმატებული ინვესტიცია განახორციელა და კოლორადოს შტატის ქალაქ კრაუფორდში, სადაც ბრიტანეთიდან გადაბარგებული ოჯახთან ერთად დასახლდა, საკუთარი ბიზნეს-იმპერია შექმნა, რომელმაც რამდენიმე მაღაზია, კაფე, საცხობი და საკონცერტო დარბაზი გააერთიანა.