ამბობენ, თითქოს რევოლუციურ აღმოჩენებს და უნიკალურ გამოგონებებს, რომლებიც სამუდამოდ ცვლიან კაცობრიობის ისტორიას, ყოველთვის შემთხვევითობა განსაზღვრავს.
უჩვეულო კანონზომიერების საუკეთესო დადასტურებად იქცა ამერიკელი ფარმაცევტი ჯონ პემბერტონიც, რომელსაც სამოქალაქო ომში მიღებულმა ჭრილობამ, მტანჯველმა ტკივილმა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ, ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებლის მოძიება აიძულა.
მართალია, ექსპერიმენტი ახალი წამლის შემადგენლობაზე რამდენიმე წელი გაგრძელდა, მეტად შრომატევადი და მომქანცველი აღმოჩნდა, მაგრამ ჯიუტმა ფარმაცევტმა მაინც არ დაიხია უკან და სასურველ შედეგსაც მიაღწია. პემბერტონმა სამკურნალო სიროფის სრულიად ახალი ფორმულა შეიმუშავა, რომელსაც ‘’გონების ტონიკი’’ უწოდა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მის მიერ შექმნილი ‘’ჯადოსნური მიქსტურა’’ მალე ‘’კოკა-კოლას’’ სახელს შეიძენდა და არა უბრალოდ პოპულარობას მოიპოვებდა, არამედ მსოფლიოს უძლიერეს ბრენდად იქცეოდა.
ჯონ სტიტ პემბერტონი 1831 წლის 8 ივლისს დაიბადა ჯორჯიის შტატის პროვინციულ ქალაქ ნოქსვილში, თუმცა, ბავშვობა და მოზარდობა შედარებით მსხვილ კოლამბუსში გაატარა, სადაც ოჯახი მისი დაბადების შემდეგ გადაბარგდა. ადრეული ასაკიდან საზრიან და ცნობისმოყვარე ჯონს, რომელსაც განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იზიდავდა, დიდხანს არ უფიქრია პროფესიის არჩევაზე და ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ჯორჯიის ფარმაცევტულ სკოლაში ჩააბარა, 1850 წელს მისი წარმატებით დასრულების შემდეგ კი, ‘’ტომპსონის’’ ლიცენზიის მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მეთოდი, რომელმაც ალტერნატიული მედიცინის დამფუძნებლის სემუელ ტომპსონის პატივსაცემად შეიძინა სახელი, მცენარეების უნიკალური თვისებების შესწავლას და სამკურნალო ბალახის ნაყენით ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას ითვალისწინებდა. მართალია, თანამედროვე მედიცინა ნაკლებად სწყალობს ‘’ბალახის მოყვარულებს’’, რადგან დღეს ჰერბალიზმი ფსევდომეცნიერებად ითვლება, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს სწორედ მის იმედზე იყვნენ მძიმე სენით შეპყრობილი პაციენტები, რომელთაც ტრადიციული მედიცინა ვერაფრით შველოდა. არ ჩამორჩა დანარჩენებს არც ახალგაზრდა პემბერტონი, რომელიც ისე აქტიურად ჩაება სამკურნალო ბალახის კვლევაში, რომ აფთიაქ-ლაბორატორიაც კი გახსნის კოლამბუსში.
საკუთარი საქმის წამოწყების და ფინანსური სტაბილურობის მოპოვების შემდეგ, ჯონმა
დაოჯახება გადაწყვიტა და არჩევანი სტუდენტ გოგონაზე, ენი ელიზ კლიფორდ ლუისზე გააკეთა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გაიცნო და მთელი გულით შეიყვარა. 1853 წელს დაქორწინებულ წყვილს მალე ერთადერთი ვაჟი ჩარლი შეეძინა, თუმცა ოჯახური იდილია ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1861 წელს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ჯონს, როგორც ჭეშმარიტ სამხრეთელს ბრძოლაში ჩაბმა და კონფედერატების იდეების დაცვა აიძულა.
მართალია, საკავალერიო ბატალიონის შემადგენლობაში ჩარიცხული პემბერტონი არასდროს ემხრობოდა კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტას, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩენილმა, მაინც შესაშური თავდადება გამოიჩინა და პოდპოლკოვნიკის წოდებაც დაიმსახურა. თუმცა, პაციფისტი ფარმაცევტისთვის მაინც საბედისწერო აღმოჩნდა ოთხწლიანი სისხლისმღვრელი ომი, რადგან სწორედ 1865 წელს, კოლამბუსისთვის ბრძოლაში, კონფედერატებსა და ჩრდილოელებს შორის უკანასკნელი მსხვილი შეტაკებისას დაიჭრა გულში.
მართალია, პემბერტონზე ყველამ ხელი ჩაიქნია, რადგან არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ ლაზარეთში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ, ჯონმა მაინც შეძლო სიკვდილისგან თავის დაღწევა. ყოფილი ჯარისკაცი მშობლიურ სახლს, ოჯახს დაუბრუნდა და სხვებთან ერთად შეუდგა ომით განადგურებული ქვეყნის აღდგენას, 1867 წელს კი, ატლანტაში გადაბარგდა და ახალი ლაბორატორია მოაწყო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მთელი მისი ცხოვრება.
აღსანიშნავია, რომ ომის ვეტერანები, რომელთაც ყოველთვის მძიმე ტრავმები ტანჯავდათ, ხშირად მიმართავდნენ ძლიერად მოქმედ ნარკოტიკებს და განსაკუთრებით მორფს ტკივილის გასაყუჩებლად, მათ შორის აღმოჩნდა ჯონიც, რომელმაც პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ალტერნატიული მედიკამენტის ძიებას შესწირა, რათა დროებით მაინც შეემსუბუქებინა გაუსაძლისი ტკივილი გულის არეში. ფარმაცევტმა უამრავი ელექსირი, სიროფი, მიქსტურა მოსინჯა კოკას ნაყოფით და სწორედ ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა სიროფის ‘’ჯადოსნური’’ ფორმულა დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი ‘’კოკა-კოლას’’ გამაგრილებელი სასმელისთვის.
უცნაურია, მაგრამ გამაგრილებელ სასმელიც და მისი სახელიც მხოლოდ ორი ინგრედიენტით - კოკაინის ფოთლებითა და ტროპიკული კოლას კაკლით შეიქმნა, თუმცა მანამდე იყო ე.წ. ‘’პემბერტონის ფრანგული ღვინო კოკით’’, რომელსაც ბევრად რთული რეცეპტი ჰქონდა, რადგან ღვინო, კოლას თხილი, კოკაინის ფხვნილი და დამიანის ექსტრაქტი გააერთიანა.
ახალმა პროდუქტმა განსაკუთრებული პოპულარობა ინტელექტუალებსა და ხელოვანებს შორის მოიპოვა. ამერიკული ბოჰემა პემბერტონის ‘’კოქტეილს’’ მეტწილად ნერვული აგზნების დროს და თავის ტკივილის დასაამებლად, ან კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად და სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად იყენებდა ზუსტად ისე, როგორც ინსტრუქციაში იყო მითითებული, თუმცა 1885 წელს, როცა ჯორჯიას შტატი დანარჩენ ქვეყანას შეუერთდა და ‘’მშრალ კანონს’’ დაუჭირა მხარი, პემბერტონის ‘’ჯადოსნური ელექსირიც’’ კანონგარეშე აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ალკოჰოლური სასმელების აკრძალვა დამღუპველი აღმოჩნდა პემბერტონისთვის, თუმცა, გონებაგამჭრიახმა ფარმაცევტმა გული არ გაიტეხა და სწრაფად შეცვალა სასმელის ფორმულა. ალკოჰოლური შემადგენელი პემბერტონმა გამომწვარი შაქრით ჩაანაცვლა და საკმაოდ ტკბილი, შესქელებული სიროფი მიიღო, რომელიც ჯერ ოჯახის წევრებზე გამოცადა, მერე უფროს კოლეგას ვილი ვენიბელუსს შესთავაზა დასაგემოვნებლად. ‘’გონების ტონიკის’’ უჩვეულო გემოთი აღფრთოვანებულმა ვენიბელუსმა მეგობარს ჯაკობსის ცნობილი აფთიაქისთვის მიმართვა ურჩია, რომლის მფლობელმა სრულად გაიზიარა წინამორბედის აღფრთოვანება და რამდენიმე დღეში სიროფი მსურველებს სპეციალური ავტომატიდან შესთავაზა.
უცნაურია, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასის - სულ რაღაც ხუთი ცენტის მიუხედავად, ‘’გონების ტონიკმა’’ მაინც ვერ შეძლო პუბლიკის დაინტერესება, მეტიც, საერთო მოგებამ დღეში მხოლოდ 50 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა მის წარმოებაზე სულ მცირე 70 დოლარი იხარჯებოდა, თუმცა, პერბენტონმა, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა რომ მისი ტკბილი სიროფი არა მხოლოდ ნერვულ სისტემაზე მოქმედებდა დადებითად, არამედ მორფზე დამოკიდებულებისგანაც ათავისუფლებდა, მაინც არ დაიხია უკან. ჯონმა ჯერ ინვესტორები დააინტერესა საკუთარი გამოგონებით, მერე მცირე სარეკლამო კამპანია მოაწყო, სიროფის წყლით გაზავებით კი, ერთ დროს მარცხიანი’’ტონიკი’’ რამდენიმე წელიწადში აქცია ენერგეტიკული სასმელების ღირსეულ კონკურენტად და არა მხოლოდ ისინი მიიზიდა, ვისაც თავი სტკიოდა, არამედ ისინიც, ვისაც უბრალოდ გაგრილება და წყურვილის მოკვლა უნდოდა.
‘’გონების ტონიკის’’ ბუმი, 1886 წელს დაიწყო, როცა სრულიად შემთხვევით იქცა გაზიან სასმელად. ლეგენდის თანახმად, ჯაკობსის აფთიაქში შესულმა კლიენტმა, რომელიც ნაბახუსევზე უჩიოდა თავის ტკივილს, სწორედ ‘’პემბერტონის ტონიკი’’ მოითხოვა, თუმცა აფთიაქარს წყლის მიტანა დაეზარა და სამკურნალო სიროფის გაზიანი წყლით გაზავება შესთავაზა. როგორც ჩანს, ნაქეიფარი კლიენტი ისე მოხიბლა ‘’ბუშტუკიანი კოქტეილით’’, რომ პირველს მეორე ულუფაც მიაყოლა, რამდენიმე საათში კი, უკვე მეგობრებთან ერთად დაბრუნდა უკან. სწორედ მათ გაუწიეს რეკომენდაცია ახალ გაზიან სასმელს, რომელიც ჯერ ატლანტას აფთიაქებში გავრცელდა, მერე მთელი ქვეყანა დაიპყრო. აღსანიშნავია, რომ პემბერტონის ბუჰხალტრის ფრენკ რობინსოსნის წყალობით სწორედ მაშინ შეიძინა სასმელმა დღეს უკვე ჩვეული, თუმცა მაშინ საკმაოდ უცნაური სახელი და აბსოლუტურად განსხვავებული ხელწერით შესრულებული ეტიკეტი.
მართალია, ექსპერიმენტატორმა ფარმაცევტმა მეტად სარფიან ბიზნესად აქცია შემთხვევითი გამოგონება, თავისდაუნებურად შექმნა ისტორია და სამუდამოდ განსაზღვრა მსოფლიოს ‘’გასტრონომიული’’ გემოვნება, მაგრამ საკუთარი სენი მაინც ვერ დაძლია, მეტიც კუჭის სიმსივნით დაავადებულმა პემბერტონმა, რომელიც ისევ მორფზე დამოკიდებულებას ებრძოდა, ჯერ კომპანია დათმო, მერე პატენტი საკუთარ გამოგონებაზე.
ჯონი დიდხანს ცდილობდა საკუთარი წილის გადარჩენას და შვილისთვის მემკვიდრეობით გადაცემას, თუმცა1888 წლის აქციები სამრეწველო მაგნატს ასსა გრიგს კენდლერს მიჰყიდა, რომელმაც 1892 წელს ოფიციალურად დაარეგისტრირა ფირმა The Coca-Cola Company, ერთი წლის შემდეგ კი, პირველად გაყიდა გამჭვირვალე სწორკუთხა ბოთლში ჩამოსხმული კოლა.
კენდლერი არც სიროფის ფორმულის დახვეწას მოერიდა და კოკაინზე უარის თქმით, კოქტეილი ყველა ასაკის მსურველისთვის, ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო გამაგრილებელ სასმელად აქცია, იმ პერიოდისთვის ნოვატორული მარკეტინგული მიგნებით - სასმელით აფთიაქების უფასოდ მომარაგებით, სანაცვლოდ კი, მუდმივ კლიენტთა მისამართის მიღებით, ტალონის ახლა მათთვის გაგზავნით და კოლას უსასყიდლოდ შეთავაზებით, არნახულად გაზარდა ბრენდის პოპულარობა.
მარკეტინგულმა სვლამ გაამართლა, წარმოება გაფართოვდა, 1916 წელს კი, კოლა პირველად ჩამოისხა განსხვავებულ ბოთლში განიერი ძირით. სხვათა შორის, ბენჯამინ ტომპსონი, რომელსაც ძალიან სურდა’’დაუვიწყარი პროდუქტის შექმნა’’, ბოთლის ორიგინალურ დიზაინს 1920-იანი წლების მოდის მოყვარულ ქალბატონებს დაესესხა, რომლებიც წელში გამოყვანილი კაბებით იწონებდნენ თავს.
ნამდვილი კონკურენტი ‘’კოკა-კოლას’’ მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოუჩნდა, როცა 1939 წელს, ახლადშექმნილმა ‘’პეფსი-კოლამ’’ მარკეტინგულ ხრიკს მიმართა და საკუთარი პროდუქციის გაყიდვა კონკურენტის ფასით, თუმცა მასზე ბევრად მოცულობითი ტარით დაიწყო და სარეკლამო კამპანიაც სწორედ ამ უპირატესობაზე ააგო.
წამოწყებამ გაამართლა, ‘’პეფსიმ’’ მთავარი მეტოქის კლიენტები გადაბირა და სწრაფად შეიძინა თაყვანისმცემელი, თუმცა არც ‘’კოკა-კოლამ’’ დაიხია უკან, რომელმაც თავი დაზარალებულად ჩათვალა, ახლადშექმნილი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და საკუთარ პროდუქციაში სიტყვა ‘’კოლას’’ გამოყენებით უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. მართალია, დავა მშვიდობიანი შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ უძლიერესი ბრენდები დღემდე აგრძელებენ ფარულ ომს.
სამწუხაროდ, თავად პემბერტონი, რომელიც 1888 წლის აგვისტოში, სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა 57 წლისა, საკუთარი ‘’შედევრის’’ წარმატებას ვერ მოესწრო, თუმცა ექსპერიმენტატორმა ფარმაცევტმა, რომლის ლაბორატორია თითქმის 150 წელია ფუნქციონირებს, მაინც შეძლო ისტორიაში სახელის დამკვიდრება.