საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი, 10.25 %-ს შეადგენს. სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში 0.6%-მდე შემცირებული ინფლაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, რომ ქვეყანა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის რეჟიმის შემსუბუქებაზე გადაერთოს. ,,საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სებ-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6%-მდე გაზარდა.