რუსეთმა ქართულ ღვინოს მწვანე შუქი აუნთო. გასულ კვირას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, „არამეგობრულ“ ქვეყნებში წარმოებულ ღვინოზე საიმპორტო საბაჟო განაკვეთი 12,5%-დან 20%-მდე გაიზარდა. ამასთან, ეს გადასახადი ლიტრზე 1,5 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ახალი შეზღუდვები ძალაში 2023 წლის ბოლომდე დარჩება. „ფორბსი“ წერს, რომ რუსეთში უცხოურ ღვინოებზე საიმპორტო გადასახადის გაზრდით ყველაზე მეტად ქართული ღვინის მსხვილი მწარმოებლები ისარგებლებენ, ხოლო დაბალი ფასის სეგმენტის იტალიურმა, ესპანურმა და ფრანგულმა ღვინოებმა შესაძლოა, რუსული ბაზარი დატოვონ. ადგილობრივი ექსპერტები უკვე გამოთქვამენ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო შეძლებს, თითქმის, მთლიანად ჩაანაცვლოს რუსეთში მიწოდების კლებადი მოცულობები „არამეგობრული“ ქვეყნებიდან, რადგან ქართული ღვინოები რუსულ ბაზარზე პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მათზე გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. ასევე, რუსი ექსპერტები მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის უპირატესობა „იოლი ლოგისტიკა და მარტივი ფინანსური გადახდებია.“ კერძოდ,ლოიალური საბანკო პოლიტიკის შედეგად საქართველოში გადახდებს სულ ერთი დღე სჭირდება, მაშინ, როცა არგენტინაში, ჩილეში ან სამხრეთ აფრიკაში ამას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. „ფორბსის“ პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა და იანვარ-მაისის პერიოდში ღვინის მიწოდებით იტალიასაც გაუსწრო, ხოლო წლის პირველ კვარტალში მეორე ადგილს იკავებდა. ხოლო თუ ახალი საბაჟო გადასახადის მოქმედება მომავალ წელსაც გაგრძელდება, ვარაუდობენ, რო საქართველო ამ რეიტინგში შესაძლოა, პირველ ადგილზე აღმოჩნდეს.