ინდოეთის ჰარიანას შტატში ინდუსებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებას მინიმუმ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ინდუსებმა რელიგიური მსვლელობის დროს ნუჰის რეგიონში გაიარეს, რომელიც, უმეტესად, მუსლიმებითაა დასახლებული. მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის ორი სამართალდამცავიცაა. შეტაკების შედეგად კიდევ 10 პოლიციელი დაშავდა. ნუჰის რეგიონში დაწყებული ძალადობა მეზობელ გურუგრამაშიც გაგრძელდა, სადაც ღამით მეჩეთი გადაწვეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა. ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელები, რომლებმაც მეჩეთი გადაწვეს, იდენტიფიცირებულნი არიან და რამდენიმე მათგანი დააკავეს.