სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი ამჯერადაც აქციის ფონზე დატოვა. ბათუმში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრუიზო ლაინერი პორტში ჩამოდგა. მომიტინგეები რუსი ტურისტების ჩამოსვლას შეძახილებით აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, რომ საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილიდან ბათუმის პორტი ამოშლილიყო. ადგილზე 23 ადამიანი დააკავეს. ბათუმის მსგავსად, საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინაც გაიმართა. რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ რუსეთის მოქალაქეების ბათუმში ჩამოსვლა და ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავება გააპროტესტეს.