მაქს ფერსტაპენი და რედ ბული შეუჩერებელი არიან! ფორმულა 1-ის ბელგიის გრანპრი რედ ბულის პილოტმა მაქს ფერსტაპენმა პრობლემების გარეშე მოიგო და მეორე ადგილზე გასულ თანაგუნდელ სერხიო პერესს 20 წამით გაასწრო. ნიდერლანდელმა სეზონში მე-10 და ზედიზედ მერვე რბოლა მოიგო, რეკორდამდე კი 1 გამარჯვება აშორებს.
ფერსტაპენმა რბოლა მე-6 პოზიციიდან დაიწყო, პირველ ადგილზე, კი მე-14 წრის დროს გადავიდა. მე-17 წრიდან რბოლის ბოლომდე სათავეში გახლდათ და გამარჯვება დამაჯერებლად მოიპოვა.
მეორე ადგილზე რედ ბულის კიდევ ერთი პილოტი, სერხიო პერესი გავიდა. მესამე პოზიცია ფერარის პილოტმა, შარლ ლეკლერმა დაიკავა, რომელმაც ბელგიის გრანპრი ლიდერის პოლ პოზიციიდან დაიწყო. მეოთხე ადგილზე ლუის ჰემილტონი გავიდა, მეხუთე ფერნანდო ალონსო იყო.
ფერსტაპენმა 2023 წლის სეზონში გამართული 12 რბოლიდან 10-ის მოგება მოახერხა, ზედიზედ, კი 8 გამარჯვება იზეიმა. წინ მხოლოდ სებასტიან ფეტელის რეკორდია - გერმანელმა ზედიზედ 8 გრანპრზე 2013 წლის სეზონში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში რბოლების მოგება მხოლოდ რედ ბულის პილოტებმა მოახერხეს.
საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე 314 ქულით მაქს ფერსტაპენი გახლავთ. მეორე პოზიციაზე ნიდერლანდელის თანაგუნდელი სერხიო პერესია, რომელსაც 189 ქულა აქვს. მესამე ადგილისთვის ერთმანეთში ფერნანდო ალონსო და ლუის ჰემილტონი იბრძვიან - ესპანელმა 12 რბოლის შემდეგ 149 ქულა დააგროვა და ბრიტანელს 1 ქულით უსწრებს.