უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს.
„ბახმუტის მიმართულებაზე ბახმუტის სამხრეთით თანდათან წინ მივიწევთ. ბრძოლები გრძელდება კლიშჩიივკის, კურდიუმივკისა და ანდრიივკის რაიონებში.
ბრძოლებს საკმაოდ სასტიკი ხასიათი აქვთ. მტერი ინტენსიურ ცეცხლს ხსნის“, - წერს მალიარი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბახმუტის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის იერიშებს იგერიებენ.
მალიარის თქმით, კუპიანსკის მიმართულებაზე მტერი შეტევებს აწარმოებს, მაგრამ უკრაინა პოზიციების დაკარგვის გარეშე ახერხებს მათ მოგერიებას. ასევე რამდენიმე იერიში მოგერიებულ იქნა ლიმანის მიმართულებაზე.