თითქმის 50-წლიანი კარიერის მანძილზე, რომელიც 1967 წელს დაიწყო და წარმატებით გაგრძელდა 2016 წლამდე, მუსიკოსის გარდაცვალებამდე, ბოუიმ რამდენჯერმე გადააფასა საკუთარი შემოქმედება და შეიცვალა იმიჯი, რის გამოც ‘’ქამელეონის’’ მეტსახელი შეიძინა, სექსუალური ორიენტაციის მუდმივი ცვლილებით კი, პუბლიკა გააოცა და სერიოზული სკანდალი გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით თავადვე აღიარა, რომ ეპატაჟური განცხადებებით მხოლოდ კონსერვატორული საზოგადოების პროვოცირებას ცდილობდა, რაც ბრწყინვალედ გამოუვიდა, რადგან 1970-იანი წლების ბრიტანეთში, მსგავსი სითამამე საკმაოდ მკაცრად ისჯებოდა.
ხშირი ტრანსფორმაციის მიუხედავად, ბოუიმ მაინც შეძლო საკუთარი სტილის შენარჩუნება, რაც პირველ რიგში, კრეატიულობისა და აქტუალური მუსიკალური მიმდინარეობების წარმატებული შერწყმის, მრავალფეროვანი მუსიკალური ექსპერიმენტების და შესრულების დამახასიათებელი მანერის დამსახურება აღმოჩნდა.
დევიდ რობერტ ჯონსი 1947 წლის 8 იანვარს - ‘’როკ’ნ’როლის მეფის’’ ელვის პრესლის დაბადებიდან ზუსტად 12 წლის შემდეგ დაიბადა. უჩვეულო დამთხვევას ეზოთერიკითა და ასტროლოგიით გატაცებული ბოუი ხშირად მიაწერდა მისტიკას და საკუთარ თავს პრესლის ჩვილობაში დაღუპული ტყუპისცალის რეინკარნაციად მიიჩნევდა.
12 წლის ასაკში ბოუიმ საქსოფონზე დაკვრა ისწავლა, თუმცა კარიერის მანძილზე ინსტრუმენტი არასდროს გამოუყენებია. ამასთანავე, მუსიკოსი ბრწყინვალედ უკრავდა ელექტრო- და 12-სიმიან გიტარაზე, ჰარმონიკაზე, ფორტეპიანოსა და სინთეზატორზე.
კარიერა ბოუიმ 1967 წელს დაიწყო სადებიუტო ალბომით David Bowie, აღიარება კი, მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოიპოვა, როცა კომპოზიცია Space Oddity ბრიტანული ჩარტის ლიდერ ხუთეულში მოხვდა. სამწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, ე.წ. გლემ-როკის პოპულარობის პერიოდში მუსიკოსმა ისევ მიიპყრო პუბლიკის ყურადღება, როცა ანდროგინული პერსონაჟი ზიგი სტარდასტი შექმნა, სინგლი Starman, საკულტო ალბომიდან The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars კი, ჩარტის ლიდერი გახდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ სტარდასტის ორიგინალური პერსონაჟის, მუსიკალური ინოვაციებისა და იმ პერიოდისთვის ეპატაჟური სასცენო დადგმების წყალობით მოიპოვა ბოუიმ მსოფლიო პოპულარობა.
1975 წელს სინგლით Fame, რომლის ავტორობა ბოუისა და გიტარისტ კარლოს ალმორასთან ერთად ჯონ ლენონმაც გაინაწილა, მუსიკოსმა პირველი მსხვილი წარმატება მოიპოვა ამერიკაში, ალბომი Young Americans კი, მართალია ამერიკელმა მელომანებმა მოიწონეს, მაგრამ ბრიტანელებმა დაიწუნეს, რომელთაც მუსიკოსს სოულით გატაცება დაუწუნეს და ტრადიციულ როკს დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
1981 წელს, ჯგუფ Queen-თან კოლაბორაციით ბოუიმ ცნობილი ჰიტი Under Pressure, ორი წლის შემდეგ კი, კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Let’s Dance ჩაწერა, რომელმაც ჰიტები Let’s Dance, China Girl და Modern Love გააერთიანა. 1990-2000-იან წლებში მუსიკოსმა ჩვეული ექსპერიმენტები, ახალი ჟღერადობის და განსხვავებული სტილის ძიება გააგრძელა, უკანასკნელი, 25-ე ალბომი Blackstar კი, 2016 წლის 8 იანვარს, 69-ე დაბადების დღეზე გამოუშვა, თუმცა ორი დღის შემდეგ კი, ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა.
საერთო ჯამში ბოუიმ 30-მდე ფილმში, თეატრალურ დადგმაში, ტელენოველაში მიიღო მონაწილეობა და კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. ნაკლებად გაამართლა დრამამ ‘’მშვენიერი ჟიგოლო, საბრალო ჟიგოლო’’, რომელშიც მუსიკოსმა მარლენ დიტრიხს გაუწია პარტნიორობა, თუმცა უკმაყოფილო დარჩა საკუთარი ნამუშევრით. ბევრად წარმატებული აღმოჩნდა როლები ფილმებში ‘’ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა’’, ‘’ბედნიერ შობას გისურვებთ მისტერ ლოურენს’’ და ‘’შიმშილი’’.
ფანტასტიკურ ფილმში ‘’ლაბირინთი’’ ბოუიმ არა მხოლოდ გობლინების მეფე განასახიერა, არამედ საუნდთრეკიც თვითონ შექმნა, რომელიც დამოუკიდებელ ალბომად Labyrinth გამოიცა და კრიტიკოსების რისხვა დაიმსახურა, რადგან მის ყველაზე აბსურდულ ნამუშევრად შეფასდა. აღსანიშნავია ბიოგრაფიული ფილმები ‘’ბასკია’’ და ‘’პრესტიჟი’’, რომლებშიც მუსიკოსმა ენდი უორჰალი და ნიკოლა ტესლა განასახიერა.
‘’ბოუის’’ ფსევდონიმი, რომელიც სანადირო დანის ნაირსახეობას წარმოადგენს, მუსიკოსმა 19 წლის ასაკში დაირქვა საკუთარი ინიციატივით. უჩვეულო სახელი მოუძებნა ბოუიმ უფროს შვილსაც, რომელსაც ზოუი უწოდა‘’ზოოს’’ ანუ ‘’სიცოცხლის’’ მინიშნებად, თუმცა ზრდასრულმა ზოუიმ, რომლისთვისაც მამის ექსცენტრულობა ნაკლებად მომხიბვლელი აღმოჩნდა, საანკეტო მონაცემები შეცვალა და დუნკან ჯონსი გახდა. სხვათა შორის, სწორედ ჯონსია ბლოქბასტერების ‘’მთვარე 2112’’-ის და ‘’საწყისი კოდის’’ რეჟისორი, თუმცა მამა, რომელმაც კინემატოგრაფიაშიც სოლიდური გამოცდილება შეიძინა, არც შვილის საქმიანობით და კინემატოგრაფიული მიღწევებით დაინტერესებულა, არც მისი ფილმების პრემიერას დასწრებია არასდროს.
სხვადასხვა ფერის თვალი, რომელიც ბოუის სავიზიტო ბარათად იქცა, არა თანდაყოლილი პათოლოგია, არამედ კლასელთან ჩხუბის შედეგია. 15 წლის დევიდს თანაკლასელთან ჯორჯ ანდერვუდთან მოუვიდა უთანხმოება, რასაც რამდენიმე უმძიმესი დარტყმა სახეში და მარცხენა თვალის ბადურის დეფორმაცია მოჰყვა. შედეგად დაზიანებული თვალი მწვანედ შეიფერა, ჯანსაღი კი, ბუნებრივი ცისფერი დარჩა. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ბოუის არასდროს აწუხებდა მხედველობის პრობლემა, თუმცა დაზიანებული თვალით ფერების აღქმა უჭირდა. სხვათა შორის, ანდერვუდი და ბოუი სწორედ არასასიამოვნო ინციდენტის შემდეგ დამეგობრდნენ და წლების მანძილზე შეინარჩუნეს ახლო ურთიერთობა.