საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, თამაზ მღებრიშვილი ესწრებოდნენ.
„სემეკის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სექტორის რეგულირების ხედვა გააცნეს, ისაუბრეს სატარიფო პოლიტიკასა და საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე, განიხილეს სხვადასხვა ტექნიკური საკითხი.
სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები საირიგაციო წყლის მიწოდების წესებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის თაობაზე. ახალი მარეგულირებელი აქტებით პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემიდან წყლით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები დარეგულირდება, რომლის მიზანიცაა მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის სწორი მოლოდინის შექმნა, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.