ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ფარგლებში, მესამე საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. ცესკოს ინფორმაციით, აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, მონიტორინგი და ანგარიშგება შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს ,,მენეჯმენტის სისტემების’’ აუდიტორის მიერ 2023 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორების მიერ დისტანციურად განხორციელდა მე-3 საკონტროლო აუდიტი. კომისიის ცნობით, ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ მის მიერ მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი შეინარჩუნა.