რუსეთის მთავრობამ, სპეციალური ეკონომიკური ზომების ფარგლებში, „არამეგობრული“ ქვეყნებიდან რიგი საქონლის მიმართ, მათ შორის ღვინის იმპორტზე საბაჟო გადასახადი მკვეთრად გაზარდა. ინფორმაციას ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, „არამეგობრულ“ ქვეყნებში წარმოებულ ღვინოზე საიმპორტო საბაჟო განაკვეთი 12,5%-დან 20%-მდე გაიზარდა. ამასთან, ეს გადასახადი ლიტრზე 1,5 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ახალი შეზღუდვები ძალაში 2023 წლის ბოლომდე დარჩება. ცნობისთვის, ქართული ღვინოები რუსეთში ნულოვანი საიმპორტო ბაჟით სარგებლობენ. იმის გამო, რომ საქართველო „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში არაა, საიმპორტო გადასახადის გადახდა არ მოუწევს და ქართული ღვინო რუსეთში კვლავ ნულოვანი ტარიფით შევა. ეს კი ცხადია, ქართულ ღვინოზე მოთხოვნას უფრო მეტად გაზრდის.