23:00 საათის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის თბილისის მერია სანქციების გამკაცრებას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. კანონპროექტის მიხედვით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით. მესამე და ყოველ მომდევნო დარღვევაზე ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით.