მოემზადეთ, უკვდავების სამყაროში ვბრუნდებით — AMC-მ გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის, ინტერვიუ ვამპირთან, მეორე სეზონი უკვე ოფიციალურად დააანონსა. გავრცელებული ტრეილერით ისიც შევიტყვეთ, რომ გოთიკური ისტორიის გაგრძელებას 2024 წლისთვის უნდა ველოდოთ.
სერიალის მეორე სეზონის შესახებ ჯერჯერობით ბევრი რამ არ ვიცით. თუმცა, რადგან პირველი სეზონი ენ რაისის ამავე სახელწოდების რომანის პირველ ნაწილს ეფუძნებოდა, მისი გაგრძელება, სავარაუდოდ, წიგნის მეორე ნახევრის ეკრანიზაცია იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსახიობ ბეილი ბასს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ვამპირი კლაუდიას, როლზე დელეინი ჰეილსი ჩაანაცვლებს. ამასთან, როგორც პირველ სეზონში, ამჯერადაც სერიალის ერთ-ერთი რეჟისორი წარმოშობით ქართველი კინოხელოვანი ლევან აკინი იქნება. გადაღებები კი უკვე რამდენიმე თვეა, დიდწილად პრაღაში მიმდინარეობს.
ენ რაისის უკვე ჟანრის კლასიკად მიჩნეული რომანი, ინტერვიუ ვამპირთან, 1976 წელს გამოიცა. წიგნი 200 წლის ვამპირი ლუის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის ცხოვრებაზე და მე-18 საუკუნის ახალ ორლეანში გატარებულ წლებზე ჟურნალისტს უყვება. რომანის მთავარი ანტაგონისტი, ლესტატ დე ლიონკური, მოგვიანებით ვამპირის ქრონიკების სერიის მთავარი გმირი გახდა.
სერია, რომელიც ჯამში 13 რომანს მოიცავს, მსოფლიოში 80 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. ის ლიტერატურაში ვამპირული და გოთიკური ჟანრების ფენომენად მიიჩნევა.
სხვათა შორის, რომანი ინტერვიუ ვამპირთან გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰოლივუდში ბლოკბასტერ ფილმად აქციეს, სადაც მთავარი როლები ბრედ პიტმა, ტომ კრუზმა და ანტონიო ბანდერასმა შეასრულეს. 2002 წელს გადაიღეს რაისის კიდევ ერთი ვამპირული ისტორიის, დაწყევლილების დედოფლის, ეკრანიზაცია.
აი, AMC-ის სერიალმა კი, მწერლის ფანების არაერთგვაროვანი გამოხმაურების მიუხედავად, კრიტიკოსებისგან მეტწილად დადებითი შეფასება მიიღო. ინტერვიუ ვამპირთან ნომინირებული იყო რამდენიმე ჯილდოზეც. კინომოყვარულთა ფორუმმა Rotten Tomatoes-მა კი ის 2022 წლის "საუკეთესოდ შეფასებულ საშინელებათა სერიალადაც" დაასახელა.