რუსულმა ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, რუსებმა ოდესაზე თავდასხმისთვის ხუთი ტიპის რაკეტა, „კალიბრის“, ონიქსის“, Х-22-ის, „ისკანდერ კ“ და ბალისტიკური „ისკანდერ მ“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. ამასთან, დანარჩენმა რაკეტებმა დააზიანა პორტის ინფრასტრუქტურა და სულ მცირე ექვსი საცხოვრებელი კორპუსი.
"დაზიანდა ათობით ავტომობილი, ქალაქის ბევრი კორპუსის ფასადები და სახურავები, ჩაიმსხვრა ფანჯრები. რუსული რაკეტის დარტყმით ოდესის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) საკათედრო ტაძარი დაზიანდა", - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.