რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის კონტრშეტევის შედეგებით იმედგაცრუებულია და უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა დიდი დანაკარგები განიცადეს.
„ვერ ეხმარებათ ვერც კიევის რეჟიმისთვის მიწოდებული კოლოსალური რესურსები, ვერც დასავლური იარაღი - ტანკები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, რაკეტები, ვერც ათასობით უცხოელი დაქირავებულისა და მრჩევლის გაგზავნა, რომლებიც ყველაზე აქტიურად გამოიყენეს ჩვენი არმიის ფრონტის გარღვევის მცდელობებში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ იწვის „დასავლური, ვითომდა უვნებელი ტექნიკა“.
„თვითმკვლელი თავდასხმების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა დიდი დანაკარგები განიცადეს. ეს ათიათასობით ადამიანია“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, უკრაინელებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ კითხვა, ვისი ინტერესების გამო იღუპებიან ადამიანები.
"უკრაინაში ხალხს სულ უფრო ხშირად უჩნდება კითხვა, ლეგიტიმური კითხვა: რისთვის, ვისი ანგარებიანი ინტერესების გამო იღუპებიან მათი ნათესავები და მეგობრები“, - აღნიშნა პუტინმა.