საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას „პანათინაიკოსში“ გადასვლის შანსები იზრდება. „ვირტუს ბოლონიას“ მძიმე ფორვარდის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა და შესაძლო ტრანსფერის დეტალების შესახებ დაიწერა.
ბერძენი ჟურნალისტის, გეორგე ზაკასის მიხედვით, შენგელიამ „პანათინაიკოსს“ შეატყობინა, რომ „ვირტუს ბოლონიასთან“ მოლაპარაკებებს თავად გამართავს. „მწვანეებს“ თოკოს გამოსასყიდი თანხის გადახდა არ მოუწევთ და შენგელია ეცდება, „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს, შემდეგ კი „პანათინაიკოსს“ შეუერთდეს.
შეგახსენებთ, რომ შენგელიას იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, „ვირტუს ბოლონიასთვის“ კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო, მაგრამ შენგელიას იმედი აქვს, რომ კლუბისგან თანხმობას მიიღებს და თანამშრომლობის დასრულება ურთიერთშეთანხმებით მოხდება.
გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში, შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ მაისურით საშუალოდ 12.1 ქულას, 6.1 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.