უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის „დილა“ „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა და 1:2 წააგო, განმეორებით მატჩში კი 2:0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
„დილას“ ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა და საწყის წუთებში დომინირებდა. გორელებს რამდენიმე მომენტი შეექმნათ, მაგრამ სტუმრების მეკარემ, სამუელ პეტრაშმა შესანიშნავად ითამაშა და ტიერი გეილისა და ონორე გომისის დარტყმები მოიგერია.
„დილა“ 33-ე წუთზე დაწინაურდა, თორნიკე ძოწენიძემ ბრწყინვალე პასი გააკეთა, სლოვაკთა კარი კი გეილმა დალაშქრა. 38-ე წუთზე, გეილს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. მე-40 წუთზე, „დილა“ აშკარა გოლს გადაურჩა. ჩოლტ კალმარის დარტყმული ჯარიმა ევგენი კუჩერენკომ მოიგერია, შემდეგ კი ბურთი ხარიხას მოხვდა. დარჩენილ დროში არაფერი მომხდარა და „დილამ“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
55-ე წუთზე, ოთარ ფარულავას მაგარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ „დუნაისკა სტრედას“ მეკარეს მანაც ვერ აჯობა. 70-ე წუთზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შუქი ჩაქრა, რის გამოც, მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა.
გორელებმა მეორე გოლი 85-ე წუთზე გაიტანეს. ალეფ სანტოსმა სტუმრების კარი შორეული დარტყმით აიღო და საკუთარ გუნდს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.
მეორე გოლის შემდეგ, სტუმრები გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტი შეექმნათ. ბოლო წუთებზე „დილას“ კარი ჯერ ხარიხამ, შემდეგ კი ძელმა გადაარჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კუჩერენკომ მაგრად ითამაშა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ამრიგად, „დილა“ მომდევნო ეტაპზე გავიდა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვორსკლას“ დაუპირისპირდება.