კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ბოსნია და ჰერცოგოვინაში „სარაევოსთან“ დრამატულ ბრძოლაში პენალტების სერიაში იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. 120 წუთი გუნდებმა ფრედ 1:1 ითამაშეს, თერთმეტმეტრიანები კი უკეთ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა შეასრულეს.
პირველი შეხვედრა ქუთაისში ფრედ 2:2 დასრულდა. „სარაევომ“ საპასუხო მატჩი საკუთარ კედლებში კარგად დაიწყო და მე-11 წუთზე ჟილიკიჩის გოლით დაწინაურებაც შეძლეს.
ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდს პირველ ტაიმში ტოტალური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მასპინძლებმა თავიანთი შანსის რეალიზება შეძლეს.
მეორე ტაიმში „ტორპედომ“ ტემპს მოუმატა. 64-ე წუთზე არაბიძემ ჩინებული პასით შერგელაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა მისი გადაცემა მეტოქის მცველებმა ჩაჭრეს და კუთხურზე მოიგერიეს.
91-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა მერაბ გიგაურმა, გიორგი არაბიძის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.
დამატებით დროში გუნდებმა ფრთხილად ითამაშეს და რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა. ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა.
თერთმეტმეტრიანებში „ტორპედომ“ უფრო მეტად მყარი ნერვები და საშემსრულებლო ოსტატობა გამოვლინა. ქუთაისელთა მეკარემ ფილიპ კლიაიჩმა 2 დარტყმული მოიგერია და სტივ კინის გუნდმა 4:2 მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ეტაპზე „ტორპედოს“ მეტოქე ყაზახური „აქტობე“ იქნება.