ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ოდესაზე, მიკოლაივზე და სამხრეთის სხვა დასახლებებზე თავდასხმების დროს, მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა და Shahed-ის 90 დრონი გამოიყენა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები უკრაინის ცის დასაცავად საკმარისი ჯერ კიდევ არ არის. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს მუშაობას მსოფლიოს მობილიზებისთვის, რათა სასურსათო უსაფრთხოება დაიცვას.
ქვეყნის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 49 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 72 შეტევა განახორციელა.
გენშტაბის ცნობითვე, ოკუპანტებმა თავდასხმისათვის საკრუიზო რაკეტები და ირანული შაჰედის ტიპის დრონებიც გამოიყენეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.