საქართველო როგორც შავი ხვრელი, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა პუტინს და შესაბამისად, საქართველოშიც დადგა აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობა და პროდასავლურ ფლანგზე, ვგულისხმობ ოპოზიციას, კონკრეტული ნაბიჯები გახდა საჭირო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხალხის დაკვეთა არის ერთობა.
„პუტინის ტერორისტული საქმიანობის შემდეგ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოუწია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, ცივილიზებული სამყარო დადგა ისტორიულ გზაგასაყარზე და შესაბამისად, ძალიან მარტივი არჩევანი გააკეთა ყველამ - მშვიდობასა და ბოროტებას შორის, ტერორიზმსა და მშვიდობას შორის, პუტინის ტერორისტულ ზრახვებსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას შორის და ყველამ კარგად ვიცით, რომ ტერორისტი პუტინი ემუქრება არა მარტო უკრაინას, არამედ მშვიდობას ცივილიზებულ სამყაროში. შესაბამისად, ეს დილემა დადგა საქართველოშიც, ამას ვამბობ სამწუხაროდ, რადგან საქართველოს ჰყავს რუსული პარტია და ამ ომის დაწყებისთანავე გაჩნდა კითხვა, ვის მხარეს დაიჭერს პუტინის კარის ოლიგარქი, ვგულისხმობ, ცხადია, ბიძინა ივანიშვილს. სამწუხარო რეალობა აღმოჩნდა ის, რომ პუტინის კარის ოლიგარქმა აირჩია კონკრეტული მხარე და ეს არის პუტინის რუსეთი და ეს მხარე მხოლოდ მან, პირადი გადაწყვეტილებით არ თარგმნა და მთელს სახელმწიფოს განუსაზღვრა ეს კურსი და ქართველ ხალხს უკვე პირდაპირ, ღიად განუცხადეს, რომ საქართველო ადგას პუტინიზაციის, რუსეთიზაციის გზას და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც იღებენ დაწყებული რუსული კანონით, გაგრძელებული ლავროვის და მისი ოჯახის წევრების მასპინძლობით და ფრენების აღდგებით. საქართველო როგორც შავი ხვრელი, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა პუტინს და შესაბამისად, საქართველოშიც დადგა აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობა და პროდასავლურ ფლანგზე, ვგულისხმობ ოპოზიციას, კონკრეტული ნაბიჯები გახდა საჭირო. საზოგადოების, ხალხის დაკვეთა ამ რუსული ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, სოციალური პრობლემების პირობებში არის ერთობა და ხალხი საუბრობს ერთადერთ რამეს - „რუსულ პარტიას დაამარცხებთ მხოლოდ ერთობით“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.