ერაყმა ქვეყნიდან შვედეთის ელჩი გააძევა. დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება ერაყის დედაქალაქში, ბაღდათში დაწყებულ საპროტესტო აქციას მოჰყვა, რომლის დროსაც დემონსტრანტები დიპლომატიური მისიის შენობაში შეიჭრნენ. აქციის ორგანიზატორები შიიტი სასულიერო პირის მხარდამჭერები იყვნენ. საპროტესტო აქცია შვედური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, სტოკჰოლმში საპროტესტო აქციაზე ყურანისა და ერაყის დროშის დაწვა იგეგმება. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის შედეგად საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.