წინა წლებთან მიმართებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ღიაობა და გამჭვირვალეობა გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათი ერთ-ერთ მთავარი ამოცანა ღია და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და საზოგადოების დროული ინფორმირებაა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების თაობაზე უწყებამ საზოგადოების ინფორმირება ოფიციალური განცხადების და ბრიფინგის საშუალებით 33-ჯერ მოახდინა, რაც 2020-2021 წლებთან შედარებით ღიაობის 57%-ით გაზრდილ მაჩვენებელზე მიუთითებს.
საგამოძიებო პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის და მათთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით კი, საგამოძიებო უწყება მსხვერპლს სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
გამოძიების პირველივე დღიდან, მსხვერპლებს, ან მათ მიერ მოწვეულ ადვოკატს საქმის გაცნობის და ამ გზით საგამოძიებო პროცესის ეფექტურობის გაკონტროლების საშუალება ეძლევათ. გამჭვირვალე გამოძიების ზემოხსენებულმა მოდელმა ჩაანაცვლა მანამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც მსხვერპლები ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის თაობაზე მხოლოდ გამომძიებლისგან ზეპირსიტყვიერად იღებდნენ.
მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე, 2022 წლის 27 ივლისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა 257 პოტენციურ მსხვერპლს შესთავაზა, მათგან 86-მა პოტენციურმა მსხვერპლმა ეს უფლება გამოიყენა და სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნო.
საგამოძიებო სამსახურს მსხვერპლთათვის სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის შესაძლებლობა არცერთ შემთხვევაში არ შეუზღუდავს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ღია და გამჭვირვალე საგამოძიებო პოლიტიკას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.