საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის მოსალოდნელ ტრანსფერზე ბევრი იწერება, თუმცა 22 წლის თავდამსხმელი ჯერჯერობით ისევ მოქმედი გუნდის განკარგულებაში რჩება და სეზონის განახლებისთვის მზადებას მასთან ერთად აგრძელებს.ახლახან მეცმა იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც საფრანგეთის კურორტ ვიტელში ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. გუნდთან ერთადაა მისი მთავარი ვარსკვლავი გიორგი მიქაუტაძეც.
ცნობილია, რომ მეცი შეკრებაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ლიგა 2-ის გუნდებთან - 22 ივლისს ტრუასთან ისპარინგებს, სამი დღის შემდეგ კი სოშოს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგიმ სამი დღის წინ ბელგიურ სერენთან საკონტროლო მატჩშიც (2:1) ითამაშა, რომელშიც გოლითაც გამოირჩა.
გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა (8 საგოლე პასი), რითაც ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მეცმა მე-2 ადგილი დაიკავა და ელიტის საგზური მოიპოვა, ხოლო ქართველი ფორვარდი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.