უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია და მალე მზად იქნება გამოსაყენებლად. ამასთან, ბიბისის ცნობით, მათმა ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ჰაუბიცები, რომლებიც კასეტურ ჭურვებს ისვრის, ბახმუტის ირგვლივ მდებარე პოზიციებზე დააფიქსირეს. სირსკის თქმით, ქალაქის აღებას მხოლოდ სიმბოლური ღირებულება არ ექნება და ბახმუტს, როგორც კარიბჭეს რეგიონის სხვა საკვანძო ქალაქებში, სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კონტრშეტევის დროს ბრძოლის ველზე სწრაფი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.