თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მარცვლეულის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
„ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს რუს კოლეგასთან. მე თვითონ, როგორც კი [სპარსეთის ყურის ქვეყნებში] ვიზიტიდან დავბრუნდები, გავმართავ მოლაპარაკებებს ბატონ პუტინთან. როცა აგვისტოში პირადად შევხვდებით, ასევე განვიხილავთ ამ თემას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოვიქცეთ რუსული სურსათის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის წინ გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმება შეაჩერა.
„სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, როგორც კი შესრულდება შეთანხმებების ნაწილი, რომელიც ეხება რუსეთს, მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მის განხორციელებას.