უიმბლდონის 2023 წლის გათამაშების ჩემპიონი ქალთა შორის მარკეტა ვონდროუშოვა გახდა.24 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა ფინალში უნს ჟაბირი ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა, საამისოდ კი საათი და 22 წუთი დასჭირდა. პირველ სეტში ტუნისელი ორი ბრეიკის შედეგად 4:2 დაწინაურდა და თითქოს, სეტი გამარჯვებამდე იოლად უნდა მიეყვანა, თუმცა, შემდეგ ვონდროუშოვას შეჩერება შეუძლებელი გახდა. ჩეხმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო, მათ შორის ორი მეტოქის ჩაწოდებაზე და სეტშიც გაიმარჯვა.მეორე სეტიც ჟაბირმა გაცილებით უკეთ დაიწყო: 3:1-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა კვლავ გაანიავა. მომდევნო 6 გეიმიდან 5 მარკეტას სასარგებლოდ დასრულდა, შესაბამისად, სეტიც მოიგო, ფინალიც და უიმბლდონიც!ამგვარად, მარკეტა ვონდროუშოვა უიმბლდონის ტრიუმფატორია, რაც შეიძლება ითქვას, რომ დიდი სენსაციაა, რადგან ეს მის კარიერაში დიდი სლემის პირველი ტიტულია. ტურნირის წინ ის WTA-ს რეიტინგში მხოლოდ 42-ე ადგილზე იყო, თუმცა, უიმბლდონზე მისი შემჩერებელი არავინ გამოდგა.ვონდროუშოვა უიმბლდონის ისტორიაში ქალთა შორის პირველი ჩემპიონია, რომელიც ტურნირზე განთესილი არ იყო.