2023 წლის უიმბლდონზე ნანატრ ფინალს ვიხილავთ! მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარლოს ალკარასი მეორეს - ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება და ეს მართლაც საარაკო ორთაბრძოლა უნდა იყოს.
36 წლის სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა. ნოლემ ნახევარფინალში იტალიელ იანიკ სინერს შანსი არ დაუტოვა და სამ სეტში მოუგო – 6:3, 6:4, 7:6
საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩს საკუთარი მოწოდება არ წაუგია, თავად კი მეტოქე 2-ჯერ დააბრეიკა და გამარჯვებისთვის ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ბოლო 4 გათამაშების ჩემპიონია, საერთო ჯამში, ფინალში მეცხრედ გავიდა და ამ ეტაპზე მხოლოდ 1 წაგება აქვს: 2013 წელს, ბრიტანელ ენდი მარისთან. თუკი ჯოკოვიჩმა ამჯერადაც იმარჯვა, ის უიმბლდონზე ტიტულების მხრივ ლეგენდარულ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გაუტოლდება. ორივე ვარსკვლავის აქტივში 8-8 ჯილდო იქნება. ჯამში, ეს, ნოლეს 35-ე ფინალია დიდი სლემების ტურნირებზე, რაც ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია გამარჯვების შემთხვევაში კი, ნოვაკს 24 სლემ-ტიტული მოუგროვდება.
ვაჟთა ფინალური შეხვედრა 16 ივლისს შედგება, 15-ში კი ჩემპიონის ვინაობას ქალთა ტურნირში შევიტყობთ.