თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად ჩუღურეთის რაიონში იმყოფებოდა, სადაც შემოდგომაზე N125 ბაგა-ბაღის ახალი შენობა გაიხსნება. ოთარ ქინქლაძის ქუჩაზე მდებარე N125 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი გასულ წლებში განხორციელდა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისიდან მიიღებს. ამჟამად, შენობის მოპირკეთება დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სივრცეების მოწყობა და ბაღის აღჭურვა. მერის მოადგილე სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დღეს უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N2 ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო.