მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტში [ხანკენდი] ლაჩინის დერეფნის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას რადიო „აზატუტიუნი“ ავრცელებს.
აქციას მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიიკ ჰარუთუნიანი, „სახელმწიფო მინისტრი გურგენ ნერსისიანი და ადგილობრივი „ხელისუფლების“ სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
გამოცემის ინფორმაციით, აქციაზე გამომსვლელები საუბრობენ ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეზე და საერთაშორისო თანამეგობრობას დერეფნის განბლოკვაში დახმარებისკენ მოუწოდებენ.
მათი განცხადებით, აზერბაიჯანს სომხებით დასახლებული რეგიონი გასული წლის დეკემბრიდან ბლოკადაში ჰყავს მოქცეული და ამჟამად ბაქო მთლიანად ბლოკავს სომხეთიდან ყველანაირი საქონლის, მათ შორის სურსათის, მიწოდებას.
შეგახსენებთ, ლაჩინის დერეფანი არის ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს. ბაქოს მტკიცებით, ლაჩინის დერეფანი კონტრაბანდის გადატანის არაერთი მცდელობის გამო ჩაკეტეს.