უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის „დილას“ მეტოქე „დუნაისკა სტრედა“ გახლავთ. ანდრეი დემჩენკოს ბიჭებმა პირველი შეხვედრა სტუმრად გამართეს და განმეორებით მატჩში 1-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევთ.
„მოლ არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა განსხვავებული ტაიმები იხილეს. პირველ ნახევარში 3 გოლი გავიდა, მეორეში - 0. მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა. ცოლტ კალმარის ჩაწოდებით მატეი ტრუსამ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 3 წუთში, მასპინძელთა უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. ამმარ რამადანმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და „დუნაისკა სტრედას“ სოლიდური ჰანდიკაპი მოუტანა.
გორელებმა ჩამორჩენა მალევე შეამცირეს. 43-ე წუთზე, მიკოლა კოვტალიუკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 1:2 გახადა. პირველი ტაიმის მიწურულს, სლოვაკურ გუნდს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ კალმარის ჯარიმის შემდეგ, ბურთი ხარიხას მოხვდა. მეორე ნახევარში გუნდებს მომენტები პრაქტიკულად არ ჰქონიათ და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საპასუხო მატჩს ზუსტად ერთ კვირაში ვიხილავთ. 20 ივლისს, თბილისის დროით, 21:00-ზე „დილა“ „დუნაისკა სტრედას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.