„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სამართალდამცველების ქმედებების ნაწილში, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათი მონიტორები ბექა გრიგორიადისის მიერ ორგანიზებულ აქციას 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით დააკვირდნენ.
როგორც ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, 7-8 მარტის აქციების საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისისა და აქტივისტ ბეჟან წვიმიტიძის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაირღვა. საუბარია, გრიგორიადისის სურვილზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე სკვერში პერმანენტული პროტესტის გამოსახატად კარავი დაედგა.
„პროექტის - „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში", "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აკვირდება საქართველოში მიმდინარე შეკრებებსა და მანიფესტაციებს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას, როგორც საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების, ისე მათი მიმდინარეობისას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ქმედებების ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
ბექა გრიგორიადისმა უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო 28 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში, რომელიც პარლამენტის შენობიდან 20 მეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. იმავე საღამოს, ბექა გრიგორიადისი შეეცადა სკვერში კარვის გაშლას, მაგრამ იქვე მყოფი რამდენიმე პოლიციელი მას მაშინვე თავს დაესხა და ჩამოართვა კარავი. ბექა გრიგორიადისს მეორე დღეს, 29 მაისსაც ჰქონდა მცდელობა, სკვერში გაეშალა კარავი, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მას იგივე ძალადობრივი მეთოდებით არ მისცეს ამის საშუალება. კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოწოდებას, რომ ბექა გრიგორიადისი დამორჩილებოდა პოლიციელთა მითითებებს. ამასთან, კარვის, როგორც საკუთრების ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა...
ბექა გრიგორიადისმა 1-ელ ივნისს ღამითაც სცადა კარვის გაშლა, რისი უფლებაც მას პოლიციელებმა კვლავ არ მისცეს. უფრო მეტიც - ამჯერად, ბექა გრიგორიადისს არა მხოლოდ კარავი ჩამოართვეს, არამედ თვითონაც დააკავეს მაშინ, როცა ჩანთიდან ცდილობდა კარვის ამოღებას. აღსანიშნავია, რომ ბექა გრიგორიადისმა და მისმა მხარდამჭერებმა პოლიციას რუპორით წინასწარ მიმართეს და აღნიშნეს, რომ აპირებდნენ კარვის გაშლას, ხოლო თუ პოლიცია მათ ამას აუკრძალავდა, მაშინ, გაეკეთებინათ შესაბამისი გაფრთხილება. პოლიციელებს შესაბამისი გაფრთხილება არ გაუკეთებიათ. ბექა გრიგორიადისი ვიდრე კარვის გაშლას დაიწყებდა, პოლიციელები მას თავს დაესხნენ და დააკავეს….
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორების შეფასებით, საპროტესტო აქციის დაკვირვების საფუძველზე, სამართალდამცველების ქმედებების ნაწილში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რაც მიუთითებს ბექა გრიგორიადისისა და ბეჟან წვიმიტიძის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შეკრების შეწყვეტა ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ასეთი შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ამ უფლებით სარგებლობისას, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი პროტესტი ნებისმიერი საკითხის მიმართ, საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ; ასევე, - აირჩიონ მშვიდობიანი პროტესტის კონკრეტული ფორმა. მათ შესაძლებლობა აქვთ, თავის შესაფარებლად ან საზოგადოებისა თუ პროტესტის ადრესატების ყურადღების მისაქცევად გამოიყენონ კარავი და ის განათავსონ სკვერში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებზე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ბექა გრიგორიადისის შემთხვევაში”, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.