კალაძეს თუ მიაჩნია, რომ ეს ხალხი, ვისაც სურს ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაში, არ არის ამ ქვეყნის მეგობარი, ამით კალაძე თვითაღიარებით ჩვენებას აძლევს, რომ რუსული ხელისუფლების წარმომადგენელია, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარების ნაწილის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა და ისინი საქართველოს მეგობრები არ არიან.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„რუსეთს, კალაძეს, ღარიბაშვილს, პაპუაშვილს და დანარჩენ სხვას, „ქართულ ოცნებას“, აქვს ერთი დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი არის, რომ ამ ქვეყანამ არ მიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს ხალხი ეუბნება ხელისუფლებას, რომ სხვანაირად უნდა მოიქცეს იმისათვის, რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
გზავნილი, რომ ეს ხელისუფლება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს, უკვე არაერთ ფორუმზე გაჟღერდა. მათ შორის ეს იკითხება პრეზიდენტს ბაიდენის მიერ გაკეთებულ შეფასებაში, როდესაც მან თქვა, რომ ქვეყნები, როგორიც საქართველო და ბელარუსია, ხალხი იბრძვის თავის მომავლისთვის. კალაძემ ვინც ჩამოთვალა, ეს ხალხი საქართველოს მეგობარი ნამდვილად არის, რუსეთის მეგობრები არ არიან. მარტივი პრინციპია, მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. მარტივია კალაძის თვითლუსტრაცია, რომ არის თბილისის მერი, მაგრამ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის თქმით, რუსეთის სურვილებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, „ქართული ოცნების“ სურვილები ემთხვევა.
„დღეს საქართველოს ყველა მეგობარი არის უკიდურესად შეშფოთებული. მათ აქვთ ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ყველას ესმის, რომ ერთადერთი, ვის ინტერესშიც შედის, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს სტატუსის გარეშე, ეს არის რუსეთი. ამავე დროს სამწუხარო რეალობაა და ეს მათი შეფასებაა, რომ რუსეთის სურვილებს ემთხვევა „ქართული ოცნების“ სურვილები. შეფასებები, რომელიც მე მოვისმინე ბრიუსელში, იყო ძალიან მძიმე. ევროპელი კოლეგების აზრით, ეს არის ხელისუფლება, რომელიც გამიზნულ საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთანავე, გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სალომე სამადაშვილმა გამოეხმაურა კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს 2024 წელსაც მოიგებს და 2028-შიც.
სამადაშვილის თქმით, კალაძე სიმართლეს ამბობს, რადგან თუ 2024-ში ხელისუფლება არ შეიცვალა, ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობა დამყარდება.
„ერთ კომენტარსაც გავაკეთებ კალაძის განცხადებაზე მომავალში მოგებული არჩევნების შესახებ მრავალი ათწლეულის განმავლობაში. უნდა ვაღიარო, რომ სიმართლეს ამბობს, 2024 წლის არჩევნები იქნება გარდამტეხი ამ ქვეყანაში. ჩვენ თუ არ შევცვლით დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებას და ამ რუსულ რეჟიმს არ დავამარცხებთ, ალბათ, კალაძე მართალია და შემდეგ უკვე საქართველოში ისეთი ავტოკრატიული რეჟიმი იქნება, რომ არჩევნებს საერთოდ აზრი აღარ ექნება, როგორც რუსეთში არ აქვს და ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რუსეთის ანალოგი შექმნას ჩვენთან, ამიტომ ამბობს კალაძე, რომ სამუდამოდ მოვიგებთ არჩევნებს, როგორც პუტინის რეჟიმი - არჩევნებს ატარებს, მაგრამ მუდამ არის ხელისუფლებაში. ეს უნდათ მათ და კალაძემ, რომელიც ცოტა ბრიყვია, თვითლუსტრაცია მოახდინა და თქვა, სინამდვილეში რა უნდა „ოცნებას“, პუტინის მსგავსი რეჟიმი, რადგან ესენი რეალურად რუსები არიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ლელოს“ ლიდერმა გადაცემაში ვილნიუსში გამართული ნატო-ს სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამიტის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა, რადგან დოკუმენტში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ პირობად „მაპი“ ჩაიწერა.
„ვილნიუსში არ იქნება ეს ხალხი მიწვეული იმიტომ, რომ რუსების ადგილი არ არის ვილნიუსში. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, არ მიუწვევიათ სამიტზე, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა რაღაც გვერდით შეხვედრას. სამიტზე მონაწილეობენ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურები და რადგან არ იყო მიწვეული არც პრემიერი, არც პრეზიდენტი, საქართველო რეალურად სამიტზე არ იყო მიწვეული.
ამ სამიტზე უკრაინას უთხრეს, რომ ომი როგორც კი დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს, ძალიან მალე ის გახდება ნატო-ს წევრი. მას ამოუგდეს ბიუროკრატიული მოთხოვნები, გაწევრიანების გეგმა, ხოლო საქართველოს რაც შეეხება. ყოველთვის იყო საუბარი, რომ „მაპი“ პროცესის ნაწილია, მაგრამ პირველად, ჩვენ ჩაგვიწერეს, ჩაგვიცემენტეს, რომ „მაპის“ გარეშე საქართველო ვერ გახდება ნატო-ს წევრი. დამატებითი საფეხური, რომელიც უკრაინას ამოუღეს, ჩვენ ჩაგვიტოვეს, ჩაწერეს შავით თეთრზე. არასდროს არ ყოფილა ჩანაწერი, რომ „მაპის“ გარეშე არ მიგიღებთ ნატო-ში. სტატუს-კვო შენარჩუნებული არ არის, მმართველი გუნდი იტყუება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.