მოგეხსენებათ, რომ ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს და საინტერესოა ის მიმართულებები და დარგები, რომელიც სტუდენტებში ყველაზე მოთხოვნადია. საინტერესო მიგნებებია ამ თვალსაზრისით „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ, რომ უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 4.5%-ით გაიზარდა და გასულ წელს 800 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით სტუდენტების უმეტესობა სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლობს, თუმცა კერძო სექტორის წილი მზარდია, რაც ძირითადად გამოწვეულია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის სწრაფი ზრდით. უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2022/23 წლებში მკვეთრად გაიზარდა ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან გადმოსვლის გამო. საქართველოში უცხოელი სტუდენტების წილი 15.2%-ს შეადგენს და აღემატება სხვა ბევრი ქვეყნის მაჩვენებელს, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ს. საბაკალავრო საფეხურზე ყველაზე მოთხოვნადია სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამები, ხოლო მაგისტრატურაზე - ჯანდაცვის პროგრამები, რაც უცხოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის შედეგია.