როგორც „ქოლიერსის“ კვლევა გვეუბნება, ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები კი გაიზარდა. ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 8%-ით, 1 361 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 3%-ით 63 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი. ბათუმში მაისში შემცირებულია, როგორც ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა - 8%-ით, ასევე ძველი ბინების - 6%-ით. თუმცა მზარდია მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე და შარშანდელთან შედარებით 25%-ით არის გაზრდილი. საინტერესოა ფასების ნაწილიც. როგორც კვლევა გევუბნება, მიმდინარე წლის მაისში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 919 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 734 დოლარამდე ავიდა.