1-ელი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მქონე პირებზე ჯამში, 35 558 ნებართვა გაიცა, აქედან 13.7 პროცენტი არის გააქტიურებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.
„სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა ნებართვების ეს რაოდენობა ფიზიკურ პირებს, თუმცა მათ ეს უნდა გაააქტიურონ, შესაბამისი პროცესი არსებობს და ამის შემდეგ შეძლებენ ტაქსის ლიცენზიის მქონე პირები ნებართვით სარგებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მძღოლი გამოხატავს ნებას, სახელმწიფოსგან გადაცემული ნებართვა გამოიყენოს და სარგებლობაში მიიღოს. შეიძლება ვიღაცას არ სურდეს და გაცემული ნებართვა არ გაააქტიუროს ან მოითხოვოს, გავუუქმოთ. ასეთ შემთხვევაში, მათ ვეუბნებით, რომ დაწერონ განცხადება და ამის საფუძველზე გავაუქმებთ ნებართვას. ჯერჯერობით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის უვადო ლიცენზიის გაცემის გაუქმების თაობაზე განცხადება არ შემოსულა“, - განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.
ცნობისთვის, 1-ელი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი შევიდა ძალაში, რომელიც ტაქსის ლიცენზიის მქონე პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 2024 წლის 1-ელ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას.