დაახლოებით, 3000-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული შესაბამისი აღჭურვილობით, თუმცა სულ სხვა არის აქციის მართვა ქალაქის ტიპის პირობებში და სულ სხვაა გაშლილ მინდორზე, ამიტომ მოდით და ნუ შემეკამათებით იმ ტაქტიკურ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებში, რომელსაც საპოლიციო დანაყოფები ადგილზე იღებენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის” გარეშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციელები „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების შეკავებას მაქსიმალურად ცდილობდნენ, თუმცა ტერიტორიიდან და ხალხის დიდი მასიდან გამომდინარე, მათი ბოლომდე შეკავება ვერ მოხერხდა.
„იყო ასეთი ობიექტური მოცემულობა, რაც ყველამ კარგად ნახეთ. ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობისა მოვიდა ამ პროცესის გასაპროტესტებლად. ჩვენ პოლიციელები, მეც პირადად იქ ვიყავი და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს ადამიანები შეგვეკავებინა, მაგრამ იმ დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რაც მოვიდა აქციაზე, ასევე, ტერიტორიიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, მინდვრებია იქ და გაშლილი ტერიტორიაა, ამ შემთხვევაში საპოლიციო ძალებმა ბუნებრივია, ვერ შეძლეს, რომ ბოლომდე შეეკავებინათ ეს მასა და ჩვენ მოგვიწია იმ ადამიანების ევაკუაცია, ვინც იყვნენ შეკრებილი Open Air-ის ტერიტორიაზე. სხვა ალტერნატივა ამ შემთხვევაში არ არსებობდა, ვინაიდან რისკი არსებობდა, რომ შეიძლება ამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შექმნოდა საფრთხე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.