საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა გაბრიელიუს ლანდსბერგისს სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ასევე, ხაზი გაესვა ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვას მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით.
„შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებულ პოტენციალზე პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის, საუბარი შეეხო, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც და 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებულ პროგრესს. ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამასთან, ლიეტუვას მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის.
გარდა ამისა, შეხვედრაზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კავშირების გაძლიერებისა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობაც აღნიშნეს”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.